19 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
კანონი, რომლის გამოც ოპოზიციის მტკიცებით "ოცნებას" ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს-მოსამართლეების შესახებ კანონი დამტკიცებულია

ხუთთვიანი საპარლამენტო ეპოპეა დასრულებულია. „ქართულ ოცნებას“ უკვე შეუძლია კანონის დახმარებით უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნოს ის მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების ნებისმიერ დავალებას მორჩილად შეასრულებენ.

მმართველი პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობას, ყოფილი თანაგუნდელებისა და ძველი გვარდიელებისა თუ პოლიტიკური ოპონენტებისათვის ხელების გადაგრეხვის ხარჯზე, გაიტანა საკანონმდებლო ცვლილებების ის პაკეტი, რომელიც დედამიწის ზურგზე მხოლოდ მათ და სასამართლო სისტემაში მოკალათებული გავლენიანი ჯგუფის წევრებს მოსწონთ.

ყველაფერი გასული წლის 27 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო. თავჯდომარემ და მისმა რამდენიმე მომხრემ, მხარი არ დაუჭირა უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების იმ 10 კაციანი სიას, რომელიც მათთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადააგზავნეს.

ეკა ბესელია სასამართლოს გავლენიანი კლანის ლობირებაში საკუთარ მოადგილეს ვანო ზარდიაშვილს ადანაშაულებდა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მხოლოდ მას შემდეგ გადადგა, რაც თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ზარდიაშვილმა განცხადება დაწერა.

მოსამართლეთა ათკაციანი სია, რომლსაც ასეთი ვნებათაღელვა მოჰყვა საბოლოოდ პარლამენტიდან გაითხოვეს, ამას ხელი საზოგადოებაში აგორებულმა საპროტესტო ტალღების სერიამაც შეუწყო.

საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებების ახალ პაკეტზე დაიწყო მუშაობა. ამ პროცესში მათ ვენეციის კომისიის ექსპერტებიც დაეხმარნენ და მთელი რიგი რეკომენდაციები შესთავაზეს, თუმცა მთავრობამ პროფესიონალების რჩევებიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გაიზიარა.


"ქართული ოცნების" ყველა ოპონენტი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის მიღების პროცესში "ხელის გადაგრეხვის" მეთოდის გამოყენების გამო, მმართველ პარტიასა და მის ლიდერს ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.

დღის ამბები