19 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ხელისუფლებას მაქსიმალური, გახსნილი კომუნიკაციის მზაობა აქვს - ქეთევან ციხელაშვილი პანკისის მცხოვრებლებს ხვდება 

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა, სოფელ ჯოყოლოში გააკეთა.

ქეთევან ციხელაშვილი ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას, ხეობის უხუცესებს და ასევე ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება. მოლაპარაკებების საგანი 21 აპრილის მომხდარი ინციდენტი და ხეობაში ჰიდრო ელექტრო სადგურის დაგეგმილი მშენებლობაა.

მინისტრი ამბობს, რომ კომუნიკაცია და დიალოგი არის ერთადერთი გზა, რითაც ყველა საკითხი თუ პრობლემა უნდა გადაიჭრას.

„რა თქმა უნდა, მე მაქვს და მთლიანად ხელისუფლებას სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია, რადგან ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რითაც ჩვენ უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი და დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, იმ ნდობაზე დაფუძნებულ და ძალიან აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც უნდა ხდებოდეს და ხდებოდა მოსახლეობასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს კომუნიკაცია, თუკი ამის საჭიროება არსებობს, ყველასთან რა თქმა უნდა, და ამ რეჟიმში განვიხილოთ საკითხები“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

ავტორი: ია გულიაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები