19 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ქობულია მზად არის, ივანიშვილის ხელისუფლების წევრები ბოლომდე ამხილოს - ყოფილ მინისტრს ოპოზიცია პარლამენტში იბარებს

არაფორმალური მმართველობის კიდევ ერთი დადასტურება - “შაბათის კურიერისთვის“ მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, მზად არის კიდევ უფრო მეტი დეტალი მოყვეს.

უთანხმოება „ქართული ოცნების“ შიგნით, უშუალოდ მმართველი პარტიის ლიდერთან და გადაწყვეტილებები, რომლებსაც მინისტრი არ ეთანხმებოდა და ხელს არ აწერდა - ოპოზიცია ექსმინისტრის პარლამენტში დაბარებას და მის მოსმენას მოითხოვს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ არ სურს ტრიბუნა დაუთმოს ადამიანს, რომელსაც სისტემის უმაღლესი ეშელონების შიგნიდან მხილება შეუძლია.

ოპოზიციას კი სურს მოისმინოს, ვინ აჩერებდა ეკონომიკის მინისტრს, ვინ ბლოკავდა საკვანძო გადაწყვეტილებებს, აიძულებდა თუ არა ივანიშვილის გარემოცვა მათი ბიზნესიტერესების ლობირებას და როგორ ერეოდა ქვეყნის არაფორმალური მმართველი სამინისტროს მუშაობაში.

გაირკვა, რომ ქობულიას საჯარო განცხადებებმა არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ მმართველი პარტიის ზოგიერთი დეპუტატიც დააფიქრა. რომან კაკულია მომხრეა, რომ ყოფილმა მინისტრმა ყველაფერი საჯაროდ კომიტეტის სხდომაზე თქვას, გიორგი ქობულია პარლამენტში მისასვლელად მზად არის. მათ შორის არ მოერიდება ილაპარაკოს “ქართული ოცნების” მმართველებთან დაპირისპირებაზე.

ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც გადადგომის შესახებ ღიად ალაპარაკდა, მათ შორის ზეწოლაზე პრემიერის მხრიდან. ჯერ-ჯერობით უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა ოპოზიციის მოთხოვნა ქობულიას მოსმენასთან დაკავშირებით.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები