19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
სუს-ის აუდიომტკიცებულებები მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ - ბრალდების ადრესატის მეუღლის პირველი კომენტარი

სუს-ის განცხადებას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა, მაჩალიკაშვილის მეუღლე, მედიკო მარგოშვილი, ეხმაურება.

მარგოშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„წარმოდგენა არ მაქვს, ახლა თქვენგან გავიგე, არ მომისმენია,“ - ამბობს მარგოშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს, რომ მალხაზ  მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს არ გეგმავდა და მისი განცხადებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

„რა ტერორისტული აქტი და რის ტერორისტული აქტი. ეგ ტერორისტული აქტი არ მოაკლდეს ამის გამავრცრლებლებს და ამის მომგონებს. ეგ თუ იტყოდა, თავის შვილის მკვლელს არ აპატიებს, მაგალითად, მეც არ ვაპატიებ. ჩემი შვილის მკვლელს თვალებს ამოვთხრი, მაგის გულისთვის უნდა დამაკაონ და ტერორისტული აქტი დამაბრალონ? ამ სადისტებმა და ამ საზიზღრებმა ამათ?“ - ამბობს მარგოშვილი.

მედიკო მარგოშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტულ აქტებზე ამახვილებს ყურადღებას. მარგოშვილის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ პანკისის ხეობიდან მოსახლეობის „აყრა სურთ“.

„გოგაშვილს თვალებს ამოვთხრიდი, ეგ ტერორისტული აქტია? ამათ ძალიან სწყურიათ ეგ ტერაქტები და ძალიან გაახშირეს ამათ ტერორისტული და ტერორისტობა. ძალიან სწყურიათ, ჩვენ არ გვინდა, ჩვენ არ ვართ ტერორისტები, ჩვენ არ გზრდით ტერორისტებს. რატომ აკეთებენ ჩვენ მიმართ ასეთ საზიზღრობებს და სისაძაგლეს, არ ვიცი, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი აყრა უნდათ იმ ხეობიდან?“ - განაცხადა მარგოშვილმა.

დღის ამბები