პანკისის სისხლიანი სპეცოპერაციისას საწოლში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას სუს-ი ტერორისტული აქტის დაგეგმვას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა, რომლის ფიგურანტები, უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი არიან.
სუს-ის ინფორმაციით, პანკისში წელიწადნახევრის წინ ლოგინში ჩაცხრილული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ტერორისტულ აქტს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, მამის სასაფლაოზე სოფელ მაჩხაანში აპირებდა.
უწყებამ ამის მტკიცებულებად მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის - ჰუსეინ მაჩალიკაშვილის, საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.
სუს-ი ამტკიცებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს კანონიერად უსმენდნენ იმ მუქარის შემცველი განცხადების საფუძველზე, რომელიც შვილმოკლულმა მამამ გასული წლის 31 მაისს გააკეთა.
9-წუთიანი ჩანაწერი 23 მარტითაა დათარიღებული.
ირკვევა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დაცვა გააძლიერეს, თუმცა, მაჩალიკაშვილის დაკავება ჯერ გადაწყვეტილი არა აქვთ.
იმ დროს, როდესაც სუს-ში ეს საგანგებო განცხადება კეთდებოდა, ტერორიზმში ღიად დადანაშაულებული მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე კარავში იმყოფებოდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა მის წინააღმდეგ მთავარი სამხილი - აუდიო ჩანაწერი, კურიერის კორესპონდენტთან ერთად მოისმინა და სუს-ის მიერ გავრცელებულ მასალას "ფაბრიკაცია" უწოდა.
სუს-ს ბრალი არ წარუდგენია აუდიოჩანაწერის მეორე მთავარი მონაწილის - მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილთვის. მან ე.წ. მოდულის შენობა 7- საათიანი დაკითხვის შემდეგ, ადვოკატთან ერთად, დატოვა.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ იმ საქმის მასალის საფუძველზე, რაც სუს-ში გააცნეს, ვერც მალხაზ და ვერც მორის მაჩალიკაშვილებს ვერ დააკავებენ.
დაკითხვიდან გამოსულებს მოდულის შენობასთან დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ელოდებოდა. მედიკო მარგოშვილი პანკისიდან საგანგებოდ ჩამოვიდა და სუს-ის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან, შეხვედრას სურდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილისც მეუღლე უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტერაქტის შესახებ მისი ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს.
სუს-ში დღეს დაკითხვაზე იყო დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილიც, თუმცა, ის უსაფრთხოების სამსახურში არ მივიდა. ამ უარის გამო, უწყებაში უკვე აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილის მიმართ კანონმდებლობით გათვალიწინებულ ქმედებებს გამოიყენებენ.
ავტორები: რუსუდან ჯაბანიშვილი, თათია წოწონავა.