„საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარეობს მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება,“ - ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმის პროკურორმა, მაია სილაგაძემ, გააკეთა.
საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის განხორცილებას გეგმავდა.
პროკურორის განცხადებით, სუს-მა ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილება შეძლო. მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მაჩალიკაშვილი რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით, რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე და კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად, ეფექტურად შეძლო ამ დანაშაულის თავიდან აცილება. ამჟამად საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამასთან ერთად, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარეობს მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება,“ - განაცხადა მაია სილაგაძემ.
სუს-ის ცნობით, მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული აქტის ჩადენა სოფელ ზემო მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე იგეგმებოდა. უწყების ცნობით, ტერორისტული აქტის განხორციელება სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს იყო განზრახული, რასაც მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვებოდა.