მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად გამოძიების დასრულებას ელოდებიან. საპარალმენტო უმრავლესობის წევრები სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენის მნიშვნელობასა და შემდგომ უკვე ადეკვატურ რეაგირებაზე საუბრობს.
„სუს-მა აიცილა თავიდან სერიოზული დანაშაული და როდესაც დადასტურდება იმ ჩანაწერის ავთენტიკურობა კიდევ უფრო მყარად ვიტყვით, რომ იქ გადარჩა არა ერთი ადამიანი. მაღალია ალბათობა, რომ ეს ჩანაწერი არის რეალური წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია ვინმეს მოეფიქრებინა ეს ჩანაწერი გამოსულიყო მედიასთან ან საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება მაჩალიკაშვილის დაკავებას, ეს არ არის პოლიტიკოსის საქმე,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია და აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხელისუფლებას არ ათავისუფლებს 2017 წლის დეკემბერში ჩადენილი ქმედებების პასუხისმგებლობისგან.
„რა ჩანაწერებიც არ უნდა ავრცელოს ივანიშვილის ხელისუფლებამ და სუს-მა ის ვერ გადაფარავს იმ დანაშაულს, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ და რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას ლოგინში.
"როდესაც ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს დანაშაული რომელიც ჩადენილ იქნა მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ უნდა იქნას გამოძიებული,“ - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ უდუმაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კი ამბობს, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა დაბალია, ამიტომ ჯერ ჩანაწერის ნამდვილობა უნდა დადგინდეს. მისი თქმით, თუ ჩანაწერი ავთენტურია, მაშინ სურათი საკმაოდ მძიმე იქნება.
„ეს ჩანაწერი და ეს განვითარება არ ხსნის იმ კითხვებს, რომელიც არსებობს თავდაპირველ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ფატალური შედეგი მოჰყვა, მაგრამ თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია და ფაბრიკაცია არ არის, მაშინ ხელისუფლებამ უნდა გადადგას შესაბამის ნაბიჯები, ზოგადად ფონი ნდობის თვალსაზრისით ხელისუფლების მიმართ არის მძიმე ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას,“- აცხადებს ბოკერია.