12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა. პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ინიციატივას კენჭი უყარეს და მიიღეს.
12 მაისი აქამდეც უქმე იყო, თუმცა მანამდე ამ დღეს მხოლოდ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება აღინიშნებოდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე დასვენების დღედ მაინც გამოაცხადა.
ახალი დღესასწაულის დაჩქარებული წესით დაწესების ინიციატივით პარლამენტს საპატრიარქომ მიმართა. თუმცა ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებით საქართველოს პრემიერმა გაახმოვანა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. სოფო კილაძის განცხადებით, პარლამენტი, როოგრც ხალხის მიერ არჩეული ორგანო, მოსახლეობის მოსაზრებებს უნდა აქცევდეს ყურადღებას.
„ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, უდიდესი მნიშვნელობის და დატვირთვის არის. ამიტომ ჩვენ როგორც პარლამენტი, ანუ ხალხის მიერ არჩეული ორგანო, ყურს უნდა უგდებდეს ხალხის მოსაზრებებს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიცია აპროტესტებს და მას პოპულისტურ ნაბიჯს უწოდებს.
„დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, რომელიც ვერ წყვეტს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საქმეს, ათასი პრობლემა აქვს ქვეყანას და ისინი იჭრებიან სხვის ეკლესიის კომპეტენციაში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არის აღვირახსნილი პოპულიზმი,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.
„პატრიოტთა ალიანსი“ პრობლემას ვერ ხედავს, რომ 12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნოს.
„წილხვედრობა, ეს ხომ სახარებიდან მოდის ეს ყველაფერი, სახარება არის წმინდა წიგნი ყველა მორწმუნე ადამიანისთვის, ამიტომ თუ ჩვენ ამას გამოვაცხადებთ დღესასწაულად, ისევე, როგორც ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე, მე ამაში არაფერს უცნაურს არ ვხედავ,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.