რუსეთზე ექსპორტ-დამოკიდებულების გაზრდა და ინვესტიციების შემცირება - ეს არის საქართველოს ექსპორტის პოლიტიკის კვლევის ძირითადი დასკვნები. ანგარიშში განხილულია ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შედეგები და წინა და წლევანდელ წელს მოიცავს.
მასში ნათქვამია, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ იყენებს ამ ხელშეკრულებით მიღებულ უპირატესობებს, გარდა ამისა მნიშვნელოვნად არის შემცირებული ინვესტიციების რაოდენობა.
რეკომენდაციები კი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხელშეწყობას და სახელმწიფო პროგრამების გააქტიურებას გულისხმობს.
„ისტორიულ ნიშნულს მიაღწია რუსეთთან ექსპორტზე დამოკიდებულებამ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთავრობის მიერ ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლები გადასახედია, ყურადღება გასამახვილებელია ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკაზე, იმიტომ რომ უს არსებული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებობს, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც რეალურად, ქვეყანაში არსებობს“ - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა, ნინო ევგენიძემ.
”ღია საზოგადოების ფონდის” დირექტორი, ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში, ინტენსიურად იზრდება რუსეთის მიმართ ექსპორტი.
„სამწუხაროდ ტენდენციაა ის, რომ უფრო ინტენსიურად, ბოლო წლებში იზრდება ისევ რუსეთის მიმართ ექსპორტი. როგორც ჩანს, რუსეთის მიმართ ექსპორტს არ სჭირდება პროდუქციის სტანდარტის ძალიან აწევა, ის რაც ძალიან სასურველია ევროკავშირში ექსპორტის გასატანად და ამისათვის, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ბიზნესმა მეტი უნდა იშრომოს, ასევე მეტი უნდა ქნას სახელმწიფომ“ - აცხადებს ქეთი ხუციშვილი.