მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ლევან იოსელიანმა საგანგებო განცხადება, მისივე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ალექსანდრე ელისაშვილთან ერთად გააკეთა.
ლევან იოსელიანის თქმით, რამდენიმე დღის წინ მისი შტაბის წევრებს დაუკავშირდა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი და მთაწმინდის რაიონში საარჩევნო ბანერების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა მოსთხოვა.
„რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი და მოგვთხოვა ამ ბანერების ჩამოხსნა დაუყოვნებლივ, რაზეც ჩვენ მოვთხოვეთ სამართლებრივი საფუძველი რა იყო ამისი. გამოგვიგზავნეს დოკუმენტი, რომელიც აწესრიგებს პლაკატების გაკვრის საქალაქო წესს და არ აწესრიგებს ბანერებს. შესაბამისად, ჩვენი ქმედება არ ყოფილა უკანონო, თან იმ პირობებში, რომ მერიაში წინასწარ შევიტანეთ ყველა დოკუმენტაცია თავისი ესკიზებით,“- განაცხადა იოსელიანმა.
„ სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლება გეგმავს მიიღოს ახალი კანონი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს ბანერების განთავსებას შეუზღუდავს.
„ გვირეკავენ მუნიციპალური ინსპექციიდან, სხვა და სხვა სტრუქტურებიდან მერიის და დაჟინებით მოითხოვენ, რომ ჩამოვხსნათ დაუყოვნებლივ ეს პლაკატები. ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, იმიტომ, რომ ლევან იოსელიანის სულ რამდენიმე საარჩევნო ბანერია მთაწმინდაზე, სოლოლაკში და ვერაზე გაკრული და ესეც ვერ აუტანიათ. ჩვენი ინფორმაციით აპირებენ და მათ არ დამალეს და ეს გვითხრეს, პარასკევს აპირებენ საკრებულოს მიერ ახალი წესის მიღებას პოლიტიკური რეკლამის შესახებ. მოკლედ, სპეციალურად ლევან იოსელიანის ბანერების გამო ცვლიან კანონს,“- განაცხადა ელისაშვილმა.