ნინო გვენეტაძემ დუმილის სანაცვლოდ საჩუქარი მიიღო - ასე აფასებს ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თსუ-ის პრორექტორად დანიშვნას. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გასულ წელს მის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ მას არ უსაუბრია რეალურ მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა.
ოპოზიციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ნინო გვენეტაძე დააჯილდოვა, ის ვალდებულია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა ხდებოდა სასამართლოში.
„დღეს სასამართლოში არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ის, რომ სასამართლოს დაეპატრონა ერთი კლანი, რომელიც „ქართული ოცნების“ პირდაპირი პოლიტიკურ მფარველობაში არის, დიდწილად, სწორედ ქალბატონი გვენეტაძის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ერთი ვერაფერი შეძლო სასამართლო სისტემის შიგნით გაჯანსაღების კუთხით, მეორე - ის გადადგა ისე, რომ არანაირი განმარტება დღემდე არ მოგვისმენია, ხოლო მისი თანაშემწის სკანდალური განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, ის შეეწირა კლანთან ბრძოლას და ამიტომ, ქალბატონ ნინოს მოეთხოვება საუბარი ამ თემებზე და იმ დეტალური ფაქტების მოყოლა, რომელიც სასამართლოს შიგნით არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობას ასახავს. მისი დანიშვნა პრორექტორად ნამდვილად არ უნდა იქცეს მისი გაჩუმებისთვის გაკეთებულ საჩუქარს ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვენ, რომ ნინო გვენეტაძემ დეტალურად ახსნას, თუ რა ზეწოლას და განიცდიდა ის სასამართლოში არსებული კლანის მხრიდან.
„უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ქალბატონი გვენეტაძე სკანდალურად წავიდა თანამდებობიდან, პრაქტიკულად, ეს ადამიანი იყო ბულინგის, ზეწოლის მსხვერპლი, ჩაადენინეს უამრავი უკანონობა და დანაშაული, შემდგომ დუმილის სანაცვლოდ ამ ადამიანს დღეს სთავაზობენ კონკრეტულ მაღალ თანამდებობას, ეს მოვლენაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს სასამართლო ხელისუფლებაში. სასამრთლო ხელისუფლება და პატიოსანი მოსამართლეებიც კი არიან ამ კლანის ზეგავლენის ქვეშ, ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ. პრაქტიკულად, რაც უნდა იმას აკეთებენ. ქალბატონი გვენეტაძე თავისი დუმილით კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ამ მდგომარეობას და ბუნებრივია, კონკრეტული გამორჩენის სანაცვლოდ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.