ზუგდიდში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე კანონდარღვევების კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვა. ოპოზიციის ლიდერებმა მედიას ვიდეომასალა საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კედლებზე გაკრულ საარჩევნო სიებში წინასწარ მონიშნულია საჯარო მოხელეები და ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ოჯახში ფიქტიურად არიან მიწერილები.
დღევანდელი ბრიფინგზე 85-ე საარჩევნო უბანში არსებული პირობებზეც გამახვილდა ყურადღება. ოპოზიციის ლიდერების თქმით, არსებული ვითარება საარჩევნო მოთხოვნებს არ შეესაბამება.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით ზუგდიდის 67-მდე საოლქო საარჩევნო კომისიაში 70-თი საჩივარია შესული, რომლის განხილვასაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი შეგნებულად აჭიანურებს.
„საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი მირანდა მესხი ის ქალბატონია, რომელიც ნათესაურ კავშირში იმყოფება ცესკო-ს თავმჯდომარესთან, ქალბატონ თამარ ჟვანიასთან და ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოირჩეოდა იმით, რომ ყველაზე მძიმე დარღვევები სწორედ ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში იყო და უამრავი ასეულობით დარღვევა დაფიქსირდა. ეს ქალბატონი ამ არჩევნებზეც ასრულებს ცესკო-ს გაყალბების დაკვეთას და პრაქტიკულად, ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში დღეს არის უამრავი დარღვევა და არცერთი ამ 70 საჩივრიდან დღემდე არ არის განხილული,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.