19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
მან საჯაროდ უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც მანამდე კულუარებში იყო-მესამე სექტორი ნინო გვენეტაძისგან განმარტებებს ელოდება

მესამე სექტორი ნინო გვენეტაძისგან განმარტებებს ელოდება. ახლა როდესაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოადგილე დაუბრუნდა საჯარო სივრცეს და ის თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ის ვალდებულია საზოგადოებას უთხრას რა ხდება სასამართლო სისტემაში.

„ჩემი აზრით ყველაზე ნორმალური იყო, რომ ჯერ გამოჩენილიყო საჯარო სივრცეში. გაეცა პასუხები იმ დაგროვილ შეკითხვებზე რაც არსებობს საზოგადოებაში მის მიმართ და ამის შემდეგ შესაძლოა  მას დაეკავებინა რაიმე თანამდებობა. მან ვერც კლანი ვერ დაამარცხა, ვერც რაიმე მნიშვნელოვანი  ცვლილება სასამართლო სისტემაში ვერ შეიტანა და მე მგონია რომ ალბათ ჯობდა თავიდანვე წამოსულიყო სანამ ის ჩაყვებოდა ამ კლანს. სანამ ის თანამშრომლობას დაიწყებდა ამ კლანთან და საუბარია 2016 წელზე. მან ითანამშრომლა  გარკვეული დოზით და ვეღარ ითანამშრომლა ამის იქით და ამიტომ წამოვიდა. მაგრამ ახლა უკვე ყველა ჰიპოთეზა შეიძლება გაცალმტვერდეს თუ თვითონ გასცემს ამ კითხვებზე პასუხებს,“-განაცხადა”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ კახა წიქარიშვილმა.

ნინო გვენეტაძისგან განმარტებებს ელოდება ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარეც. გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მისთვის რთულია იმაზე საუბარი, არის თუ არა თსუ-ს პრორექტორის თანამდებობა ხელისუფლების საჩუქარი მისი დუმილისთვის, თუმცა მშვენიერაძის თქმით მას მოუწევს საჯაროდ საუბარი იმ საკითხებზე რასაც ამ დრომდე კულუარულად განიხილავენ.

„გვახსოვს საქმე, რომელიც გამოსაძიებლად იყო პროკურატურაში. ეს არის ე.წ. ტესტების საქმე,  რომელზეც პასუხი დღემდე ვერც პროკურატურისგან მივიღეთ და ვერც განმარტება მოვისმინეთ თავად ნინოსგან. ამიტომ ეს საქმე იყო ერთგვარი დამოკლეს მახვილი, რომელიც ეკიდა მის თავზე და მას ბევრ შემთხვევაში ალბათ  უზღუდავდა თავისუფლებას და გვქონდა ჩვენ ეჭვი, რომ  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაეტოვებინა სასამართლო თავმჯდომარეობა სწორედ განპირობებული იყო ამ ტვირთის მოხსნისგან. რაც შეეხება დღეს სად დაინიშნა და არის თუ არა ეს შესაძლო დუმილის სანაცვლოდ, ამაზე საუბარი ცოტა გამიჭირდება. მაგრამ ის ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, მან საჯაროდ უნდა ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც მანამდე კულუარებში იყო,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი კი აცხადებს, რომ სწორედ გვენეტაძეა ის ადამიანი, ვინც კარგად იცის სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა. ამიტომ გიორგი გვილავას თქმით, მან უნდა ისაუბროს იმაზე თუ რა მექანიზმით და მეთოდებით მოქმედებს კლანი.

„ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი მხრიდან ამ მოვლენების შეფასება და ზოგადად იმაზე  განცხადების გაკეთება რა ხდება სასამართლო სისტემაში და რასთან გვაქვს საქმე. მასზე კარგად ეს არავინ იცის. სამწუხაროდ მის თანამდებობის დატოვებას არანაირი განმარტება არ მოჰყოლია და დღემდე იგი დუმილს ინარჩუნებს, რაც მგონია, რომ არ არის კარგი სასამართლო სისტემისთვის იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გამოწვევებთან გვაქვს საქმე და რა მექანიზმებით მოქმედებს კლანი. ის რომ კლანი არის ყველამ ვიცით. ნინო გვენეტაძემაც ძალიან კარგად იცის ეს. ბუნებრივია მან ყველაზე მეტი იცის სისტემის შესახებ და მისი დუმილი ბუნებრივია ჩვენ პრობლემებს გვიქმნის იმ კუთხით, რომ სრულფასოვნად შევაფასოთ ის მეთოდები და მექანიზმები რომლებიც გამოიყენებოდა მასზე ზეწოლისთვის,“-განაცხადა გიორგი გვილავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები