19 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
„День победы“ - ნინოწმინდაში დღეს საბჭოთა კავშირი დაბრუნდა

„День победы“ - ნინოწმინდაში დღეს საბჭოთა კავშირი დაბრუნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საბჭოთა ტრადიციების სრული დაცვით აღნიშნეს.

სიმღერა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ჰიმნად, საბჭოთა კავშირის დროს იქცა, ახლა ნინოწმინდის სკოლის მოსწავლეებს საქართველოში, 9 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის სპეციალურად ასწავლეს.

ნინოწმინდის ცენტრში, საბჭოთა ტრადიციების სრული დაცვით მოწყობილ ზეიმს, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანიც დაესწრო, თუმცა, ჟურნალისტის მიერ ოკუპანტ ქვეყანაზე დასმულ კითხვას გაექცა.

ღონისძიების ორგანიზატორის გარკვევა დღეს „რუსთავი 2“-მა სცადა, თუმცა, სკოლის მასწავლებლისგან მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ კონცერტის რეპერტუარი მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეათანხმეს.

ნინოწმინდაში კანონით აკრძალული ატრიბუტიკის გამოყენებით ჩატარებულ ღონისძიებას, კანონის დამცველები თვალს მიმდებარე პერიმეტრზე გაჩერებული მანქანიდან, მშვიდად ადევნებდნენ.

„უკვდავი პოლკი“, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაცვლილი საბჭოთა კავშირის აღდგენას მოითხოვს, სხვა რეგიონებთან ერთად, დღეს დილით ახალქალაქში და ნინოწმინდაშიც გამოჩნდა.

ახალქალაქში პუტინის თანამოაზრეებმა მსვლელობა ისე დაასრულეს, რომ მათთვის არც საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვა და არც მათი პოლიტიკური შეხვედრების გაპროტესტება არავის უცდია.

კომუნისტური ეპოქა სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ერთი დღით დაბრუნდა თუ ხელისუფლებამ ეს რეგიონი საბჭოთა წარსული მიზანმიმართულად ჩატოვა - ეს მთავარი კითხვაა, რომელზე პასუხიც მმართველი გუნდის დეპუტატს არ აქვს, რადგან ენზელ მკოიანი ჯერ იმაზეც ვერ ჩამოყალიბდა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.

დღის ამბები