მოლაპარაკებები საუკუნის პროექტზე საქართველოს გარეშე - ქვეყნისთვის სტრატეგიულ ყარსი-ახალქალაქის პროექტში ოფიციალური მოსკოვი ერთვება.
ანკარაში, თურქეთის, რუსეთისა დ აზერბაიჯანი ტრანსპორტის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ისე მოაწერეს, რომ ამ შეხვედრას ოფიციალური თბილისიდან არავინ ესწრებოდა.
ანკარაში გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს ტერიტორიას რუსეთი სატრანზიტო დერეფნად გამოიყენებს. პრემიერი მამუკა ბახტაძე კი ამტკიცებს, რომ ეს სულ სხვა შეხვედრა იყო და საქართველო იქ არ უნდა ყოფილიყო.
მმართველ პარტიაში დაბნეულობას იწვევს კითხვა - საქართველო თამაშს გარეთ დატოვეს თუ თბილისი რუსეთს ფარულად შეუთანხმა და ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად მემორანდუმის ხელმოწერაზე საკუთარი სურვილით არ ჩავიდა.
„ქართული ოცნების“ წევრები მხოლოდ ვარაუდობენ და თავად ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში რუსეთის მოთხოვნით აღმოჩნდა. „ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, საქართველო რეგიონში ანგარიშგასაწევი მოთამაშე აღარ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ სტრატეგიულ პროექტზე მემორანდუმი თბილისის გარეშე არ გაფორმდებოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონში წამყვანი ფუნქცია დააკარგვინა, რკინიგზა კი ყველაზე შემოსავლიანი ორგანიზაციიდან წამგებიან პოზიციებში გადაინაცვლა.
ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთი ნოვოროსიისკის ალტერნატიული მარშრუტია და ამ დერეფნის შესაქმნელად საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს. აქედან გამომდინარე, ახალი მაგისტრალი ქვეყნისთვის არამხოლოდ ეკონომიკური არამედ დიდი პოლიტიკური პროექტია და ამ დღის წესრიგიდან საქართველოს ამოვარდნა ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
„რკინის აბრეშუმის გზად" წოდებული პროექტზე შეთანხმება, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და აზიას ევროპასთან აკავშირებს, 2007 წლის 7 იანვარს მოხდა, სამმხრივ ხელშეკრულებას ხელი მიხეილ სააკაშვილმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერეს. პროექტის საერთო ღირებულება 600 მილიონი ამერიკული დოლარია.
აზერბაიჯანმა საქართველოს ჩვენს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩასატარებლად 25-წლიანი კრედიტი გამოუყო. 2017 წლის 30 ოქტომბერს, ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.