ბიძინა ივანიშვილის მორიგი დაპირება წინასაარჩევნო პერიოდში - „ოცნების“ ლიდერი აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დასასრულებლად მღვდელმთავარს 13 მილიონი ლარის გამოყოფის პირობა მისცა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა დღეს ქორეპისკოპოს თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დაათვალიერა.
ბიძინა ივანიშვილის ეს დაპირება შესაძლოა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში მოხვდეს, რომელიც არჩევნებამდე გამოქვეყნდება.
მანამდე კი საია-ს ანგარიშში სოფელ ხიბულაში გაცემული ბიძინა ივანიშვილის ერთი დაპირება მოხვდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვად შეაფასა. საია-ს განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს უსასყიდლოდ გარკვეული მომსახურების გაწევას ჰპირდება, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კიდევ ერთი ფაქტი რაზეც საია ამახვილებს ყურადღებას, სამების ტაძრის მოხატვაა, რასაც ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევად აფასებს.
ამომრჩევლის მოსყიდვაში საია „გირჩსაც“ ადანაშაულებს, ასევე ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირებასა და ფარულობის პრინციპის დარღვევაში. ამის დასტურად კი 22 მარტს მთაწმინდაზე ახალ პოლიტიკური ცენტრის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადება მოჰყავს, როცა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, მთაწმინდაზე გაიარონ რეგისტრაცია. თავად ჰერმან საბო ბრალდებას არ ეთანხმება და საია-ს შენიშვნას არასერიოზულს უწოდებს.
საბიუჯეტო სახსრების გამოყენება არის კიდევ ერთი დარღვევა, რის შესახებაც წერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კვლევაში. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ წყალტუბოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ცვლილებები შევიდა და სოციალური პროექტებისთვის დამატებით რამდენიმე ათასი ლარი გამოიყო.
ავტორი: ნინო გაზდელიანი