ივანიშვილის მორიგი, ამჯერად 13 მილიონიანი წინასაარჩევნო დაპირება - ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ექსპრემიერმა თქვა, რომ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის საჭირო თანხებს სრულად გაიღებს.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება და ნაბიჯი, ამომრჩევლის მოსყიდვას უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
„ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ აწყურის ტაძარი, არამედ ზოგადად ქველმოქმედება, ეკლესია იქნება ეს თუ ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმის გაკეთება ხიბულაში, ახსენდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების წინ. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სპეკულაცია, მანიპულირება ხალხით, იმისთვის, რომ მოიპოვოს ხმები და შეინარჩუნოს ძალაუფლება,“-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ივანიშვილი ქველმოქმედია და მის დაპირებებს არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
„მე მგონი ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. ამ ადამიანს არათუ 13 მილიონი, სამი მილიარდი დოლარი აქვს ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯული , საარჩევნო პერიოდშიც, არასაარჩევნო პერიოდშიც და მთელი ამ წლების განმავლობაშიც. მაშინ ახლა მთავრობას ავუკრძალოთ სოფლებში გაზი, წყალი, დენი რომ შედის. ავუკრძალოთ იმიტომ, რომ იმ დონეზე ვართ მისული, რომ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ესეც არის ამომრჩევლის მოსყიდვა,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.