პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ. მექა ხანგოშვილის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურები არასწორი პოლიტიკით ხეობაში მუდმივ დაძაბულობას ქმნიან და მაღალი თანამდებობის პირები მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტად გამოძიების დასრულებამდე ნათლავენ.
მექა ხანგოშვილი ასევე გმობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებას, სადაც მან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ ჩანაწერის ავთენტურობა, სადაც შვილმოკლული მამა გამოძიების ინფორმაციით, სისხლის აღებაზე საუბრობს, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. თუმცა აცხადებს, რომ შინაარსი ქისტური ტრადიციებიდან გამომდინარე დაუჯერებელია.
„მთლიანი მოსახლეობა აღშფოთებულია ბატონი სესიაშვილის განცხადებით, როდესაც მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და პირდაპირ თემირლან მაჩალიკაშვილი გამოაცხადა, როგორც ტერორისტი. პანკისის ხეობის მოსახლეობა სწორედ ამ განცხადებების საფუძველზე არის ძალიან აღელვებული და თავისთავად მოითხოვს, ასე ვთქვათ, რომ დამთავრდეს პანკისის ხეობის მანიპულაციები, დამთავრდეს რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ხეობის მოსახლეობა მუდმივად დავდივართ ბეწვის ხიდზე და მისცენ ამ მოსახლეობას მშვიდობიანად დაიცვან საქართველო პანკისის ხეობიდან, ეს არის ჩვენი მოთხოვნა,“ - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.