„თუ ხელისუფლებამ არ იმოქმედა ძალიან პროფესიონალურად და კანონის შესაბამისად, ამით მხოლოდ განმტკიცდება საზოგადოებაში არსებული აზრი, რომ ეს ყველაფერი კეთდება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის არგამოძიებისთვის“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.
ბაქრაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სუს-ში დაწყებული გამოძიება და საგამოძიებო უწყების ქმედებები, ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე, ურთიერთსაწინააღმდეგოა.
„თუ ხელისუფლებამ არ იმოქმედა ძალიან პროფესიონალურად და კანონის შესაბამისად, ამით მხოლოდ განმტკიცდება საზოგადოებაში არსებული აზრი, რომ ეს ყველაფერი კეთდება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის არგამოძიებისთვის და შესაბამისად, მთელი ეს საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზნით მომზადებული, რომ გადაიფაროს და გამოძიებული არ იქნას მკვლელობა. ამიტომ, ამ მომენტამდე ხელისუფლების მოქმედებები არის სრულ წინააღმდეგობაში წაყენებული ბრალის სიმძიმისთვის და ასეთ დელიკატურ საქმეში, სადაც ისედაც სიფრთხილე და ამდენი კითხვის ნიშანი არსებობს, ასეთი თავმოუბმელობა და ასეთი წინააღმდეგობები ხელისუფლების მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ, აღრმავებს იმ საფუძვლიან იწვევს, რომელიც ისედაც არსებობს საზოგადოებაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.