„ძალა ერთობაშიას“ ხულოს მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე და ოპოზიციის ლიდერები ხულოს სოფლებში ამომრჩევლებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
ადგილობრივების ძირითად საზრუნავს მოუწესრიგებელი გზები წარმოადგენს, სადაც გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, ზამთრის პერიოდში კი, გზა ძირითადად ჩაკეტილია.
გაერთიანების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებას ეთმობა.
„მთელი ფული უნდა მიდიოდეს ჯანდაცვაში, განათლებაში, თავდაცვაში, ინფრასტრუქტურაში. ამ სოფელს წყნარად შეუძლია იცხოვროს მარტო ტურიზმით, მაგრამ არის აბსოლუტურად სულ ყველასგან მიტოვებული და ერთი თხოვნა აქვს სოფელს, რომ სტუდენტებს არ უჭირდეთ მშობლიურ სოფელში ამოსვლა ზამთარში როდესაც თოვლს მიაქვს აქაურობა და გზა არ არის. აი, ამ დღეში ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში,“- განაცხადა „ ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა გრიგოლ გრიგოლ ვაშაძემ.
ხულოს მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მოქალაქეების სურვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
„არანაირი პროგრამა ამ ხალხს არ სჭირდება, არანაირი დაპირება არ სჭირდება, ამ ხალხს სჭირდება ხელისუფლების დაბრუნება, სასწრაფოდ ბიძინა ივანიშვილის მოშორება და ეს ხალხი ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ეს ხელისუფლება თუ დროზე არ მოშორდება საქართველოს, ხელისუფლების სადავეებს, ჩვენ დავიცლებით საერთოდ და საქართველოში დარჩება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური რეჟიმი,“- განაცხადა ჯორბენაძემ.