ყალბი დასკვნები ყვითელი სამგზავრო ავტობუსებისთვის და სავარაუდო კორუფციული სკანდალი, რომელშიც შესაძლოა, მერიის მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი - ოპოზიცია ითხოვს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვოს. ხელისუფლების ოპონენტები დედაქალაქის მერს თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იბარებენ და მომხდართან დაკავშირებით მისგან განმარტებებს ითხოვენ.
ოპოზიციის მტკიცებით, საქმის მასალებით, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, პირდაპირ იკვეთება თბილისის მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა.
სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში გაყალბებული ტექნიკური დოკუმენტებით მოძრაობს და რეალურად ავტობუსები გამართული არ არის
„დღეს ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ დედაქალაქში რომ ავტობუსები გადაადგილდება, ის არის მოქალაქეებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველი. ფინანსთა სამინისტრომ ასევე დაადასტურა, რომ დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი შპს შესულია კორუფციულ გარიგებაში და მათ თქვეს, რომ დააკავეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც აყალბებდა დოკუმენტაციას. ახლა გვაქვს მთავარი კითხვა და მოთხოვნა, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსმა აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არათუ წვრილფეხა კორუმპირებულებზე, რომლებიც ახლა დააკავეს, არამედ კონკრეტულ მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც ლობირებდნენ იმას, რომ ავტობუსები, რომლებიც მოფახფახებულია და გზადაგზა ხან ძრავი უვარდება, ხან იწვის, ხან ბოლავს, მაღალჩინოსნები ამაზე პასუხისმგებლობას იღებდნენ და ავალებდნენ, რომ ყალბი დოკუმენტაცია გაეცათ ამ მიმართულებით, აი, ამ ადამიანების დასჯა მოხდეს,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციის წევრების თქმით, მხოლოდ ტექმომსახურების სააგენტოს თანამშრომლების დაკავება საკმარისი არ არის.
„მხოლოდ ტექმომსახურების სააგენტოს თანამშრომლების დაკავება, რომლებმაც, თითქოს, გააყალბეს ავტობუსების ტექდათვალიერების მონაცემები, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი. თუ რეალურად ტექდათვალიერებას ჩაუტარებენ ავტობუსებს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არცერთი მათგანი არ დაიშვება იმისთვის, რომ გაწეული იქნეს მგზავრთა მომსახურება და ამაში, პირველ რიგში, დამნაშავეა ბატონი კალაძე და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტექნიკური შემოწმების ცენტრების თანამშრომლები დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ისინი გასცემდნენ ყვითელ ავტობუსებზე შემოწმების გაყალბებულ მოწმობებს.