12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო.
დოკუმენტის მიხედვით, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი საგარეო საქმეთა სამინისტრო დახარჯავს.
ასევე დამტკიცდა ღონისძიებების გეგმაც, რომლის მიხედვით, 12 მაისს თბილისსა და რეგიონებში მოეწყობა გამოფენები, ჩატარდება ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები და ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები.
საპარლამენტო ოპოზიცია, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკური პოპულიზმს" უწოდებს.
“მთლიანად ეს ოპერაცია არის საუკეთესო, ყველაზე უარესი საუკეთესო მაგალითი ზნეობრივად და პოლიტიკურად, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ზნეობას, გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობისა, რომ ასეთი აღვირახსნილი ფარისევლობითა და პოპულიზმით საზოგადოების ან მორწმუნეთა ნაწილის გული მოიგოს. ეს უბრალოდ სამარცხვინოა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის კი გაუგებარია, ის კრიტიკა, რომელიც 12 მაისის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადებამ გამოიწვია.
„საქართველოს აქვს 17 საუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობის, შეგვიძლია ქრისტიანულ სამყაროში, განსაკუთრებით ქრისტიანობის აღმოსავლეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად პოზიციონირება. მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ასევე საქართველოს ცნობადობას, როგორც ქრისტიანული კულტურის,“-განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ამ დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებაა მომზადებული.
„12 მაისს ცენტრალური ღონისძიება იქნება მახათას მთაზე, სადაც შესაბამისი წარმოდგენა-პერფომანსი ამ თემატიკის იქნება წარმოდგენილი,“-აცხადებს გიორგაძე.