19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის პარალელურად, ხელისუფლებამ დღეს პანკისიდან მორიგი გაფრთხილება მიიღო

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის პარალელურად ხელისუფლებამ დღეს პანკისიდან მორიგი გაფრთხილება მიიღო. დუისის ცენტრში მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდასაჭერი აქცია იმ დროს დაიწყო, როდესაც ლოგინში ჩაცხრილული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დაკითხვაზე შევიდა.

პანკისელებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდობლობა გამოუცხადეს და 19 წლის თემირლანის მკვლელობის საქმის გადაფარვაში დაადანაშაულეს.

მაჩალიკაშვილები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება მათ ოჯახზე შურს იმის გამო იძიებს, რომ ისინი თემირლანის ლოგინში ჩაცხრილვის საქმის გამოძიებას ითხოვენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით ზუსტად 15:00 საათზე შევიდა. დარწმუნებულია, რომ სუს-ის ერთადერთი მიზანი ანგარიშსწორებაა და ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაშიც ამიტომ ადანაშაულებენ.

ოპოზიცია ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის საქმეზე დამაჯერებელ მტკიცებულებებს სთხოვს. მათი თქმით, მხოლოდ ფარული აუდიო ჩანაწერით ვერ დადასტურდა, რომ მაჩალიკაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილამდე სუს-მა მისი ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილიც გამოკითხა. მორის მაჩალიკაშვილი ფარული აუდიო ჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, მან სუსი ისევ მოწმის სტატუსით დატოვა და ბრალი მისთვისაც ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები