9-თვიანი დუმილის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ მისი გაუჩინარების ერთადერთი მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ნინო გვენეტაძის მტკიცებით, ზეწოლის მსხვერპლი არ ყოფილა და თანამდებობიდან წასვლა არავინ აიძულა. გვენეტაძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გახდა, ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი მოსამართლის სტატუს საკუთრი ნებით დათმო.
შეკითხვა, არსებობს თუ არა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ე.წ. გავლენიანი კლანი, გვენეტაძემ უპასუხოდ დატოვა. მან ასევე არ ისურვა ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლოს ირგვლივ განვითარებული სკანდალური და ხმაურიანი პროცესების შეფასება.
ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე, რომლის განცხადებებიც უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ უარყო, მას გულწრფელად საუბარს ურჩევს. კახა წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა ე.წ. კლანის ინტერესებს შეეწირა, რომლის არსებობასაც თავად გვენეტაძეც აღიარებდა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოში კრიზისია, რომელზეც ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ნინო გვენეტაძეა.
უზენასი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ რამდენიმეთვიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, უკვე მზად არის სამუშაო კაბინეტს დაუბრუნდეს, თუმცა მისი სამომავლო გეგმები ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება, სადაც ის რამდენიმე დღის წინ პრორექტორად დაინიშნა.