პროცედურული ომი პარლამენტში - რომან კაკულიამ გიორგი ქობულიას დაბარების საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენა.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სხდომათა დარბაზში „ოცნების“ წევრები არ იმყოფებოდნენ. კაკულიამ 15-წუთიანი პროცედურული ომის შემდეგ, სხდომა საერთოდ გადადო.
სხდომის დასრულების შემდეგ, რომან კაკულიას არც უცდია იმის მტკიცება, რომ რეგლამენტი არ დაურღვევია. რომან კაკულიასგან განსხვავებით „ოცნებიდან“ ახლახან წასული დეპუტატები ფიქრობენ, რომ მინისტრს, რომელთან ერთადაც ერთ გუნდში მუშაობდნენ, სათქმელი ბევრი აქვს.
გადადებული სხდომის მიუხედავად, ქობულიას პარლამენტში მაინც მიიწვევენ. მას ოპოზიცია და „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები შეხვდებიან.
ხმაურიანი საპარლამენტო განხილვა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება. პროცედურული ომი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი მინისტრის შეხვედრის ჩასაშლელად გამოაცხადა, ოპოზიციას უჩენს ეჭვს, რომ გადაყენებულმა მინისტრმა მმართველ გუნდზე ბევრი რამ იცის, რისი გათქმაც ივანიშვილის პარტიას არ უნდა.
ქობულია პარლამენტში მისასვლელად მზად არის, თუმცა წინასწარ არ ამბობს, რამდენად ვრცლად ისაუბრებს მისი გადაყენების მიზეზებსა და მმართველ ელიტასთან მის დაპირისპირებაზე.
„ქართული ოცნების“ მინისტრებს შორის გიორგი ქობულია ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც თანამდებობის დატოვების შემდეგ ღიად ისაუბრა მთავრობაში არსებულ პრობლემებზე, ამიტომ სხდომა საკმაოდ ხმაურიანი იქნება.