ზუგდიდი მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი სახელისუფლებო კანდიდატს და ბიძინა ივანიშვილს მიმართვას.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი მის კონკურენტს დებატებში იწვევს და ღია დისკუსიას, ღია სივრცეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან ერთად და მედიის ფართო სპექტრის მონაწილეობით სთავაზობს.
სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ეს არ არის დაპირისპირების მცდელობა, როგორც ხელისუფლებას წარმოუდგენია, რადგან მისი თქმით, ზუგდიდში მაღალი პოლიტიკური შეგნების და ინტელექტის ხალხი ცხოვრობს.
მერობის კანდიდატი კონკრეტულ თარიღს ასახელებს და კონკურენტს დებატებში მონაწილეობის მისაღებად, 16 მაისს 17:00 საათზე, განმუხურის ამფითეატრში ელოდება.
„გთავაზობთ ღია დისკუსიას ღია სივრცეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან ერთად და ფართო მედიის სპექტრის დასწრებით. მე არ ვიცი, რატომ მიიჩნევთ ასეთ დისკუსიას დაპირისპირების მცდელობად, როგორც ნათქვამია თქვენს ცენტრალურ ოფისში დაწერილ განცხადებაში. ეტყობა, ივანიშვილს და თქვენც, ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ აქ არის მაღალი ინტელექტის და კულტურის მქონე, ევროპული საზოგადოება. თქვენ ამბობთ - მშვიდობა მინდა და კეთილდღეობა, ვის არ უნდა? მაგრამ მშვიდობა არ იქნება ქუჩაში კრიმინალების დაბრუნებით, მოქალაქეებზე ძალადობით და მოსყიდვით, პედაგოგებზე ზეწოლით, რასაც შარშან შეეწირა ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის სიცოცხლე. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება - ძალა ერთობაშია,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.