მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. იქ შეკრებილ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა. სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს, განმარტა, რომ საპატრაირქოსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მახათას მთაზე საგანმანათლებო ცენტრი უნდა აშენდეს.
„უდიდესი მოწიწებით მივესალმები მის უწმინდესობას, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას. ქალბატონები და ბატონები, დღეს არის გამორჩეული დღე ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს აღვნიშნავთ ჩვენ ღვითსმშობლის წილხვდომილობის დღეს. დღესვე, აღევლინა ლოცვა ივერიისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დღესვე ჩვენ, აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მე მსურს, ყველა ჩვენს მოქალაქეს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული და აქვე მინდა გითხრათ, რომ ამავე ტერიტორიაზე დაიწყება მშენებლობა კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმისა, სადაც იქნება წარმოდგენილი ყველაზე სანუკვარი ჩვენი ეროვნული საგანძური და აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. კიდევ ერთხელ მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, დიდი მადლობა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მახათას მთაზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.