გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და აზერ სულეიმანოვი მარნეულის მერობის კანდიდატ აგილ მუსტაფაევი, სადახლოში მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივების თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა, თუმცა მოქმედი ხელისუფლება მათ გადასაჭრელად არაფერს აკეთებს.
შეხვედრის მონაწილეებს მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„დღეს არსებობს მთელი მარნეულის რეგიონში, ყველა დაწესებულებებში კორუფცია. ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება და მთლიანად ხელისუფლება დაინტერესებული არ არის ამ ხალხით, ამ პრობლემებით. აკეთებენ თავისი ინიციატივებით თავის საქმეებს და დღეს ბიუჯეტი არ იხარჯება ხალხისთვის, დღეს ბიუჯეტი იხარჯება ჩინოვნიკებისთვის“ - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი იკრიბება.
„ყველას შეუძლია დაინახოს რამდენი ადამიანი იკრიბება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად. ეს ნდობა, რომელიც ჩვენ უკვე საპრეზიდენტო კამპანიის დროს მივიღეთ, როდესაც მარნეულის რაიონის არნახული შედეგი აჩვენა და არასდროს ისტორიაში, ოპოზიციას ამდენი ხმა არ აუღია, არ აუღია მარნეულის რაიონში და რომ არ გაეყალბებინათ ტოტალურად, კრიმინალური მეთოდებით ეს შედეგები, როგორც დანარჩენ საქართველოში აქაც გამარჯვებული ვიქნებოდით, აღარ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს კრიმინალური ბანდის თარეში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.