მთელი სახელმწიფო ერთი ადამიანის წინააღმდეგ - მოლაპარაკება მოსამართლეებთან, პოლიტიკური ლობიზმი და სახელისუფლებო შავი PR - შესაძლოა, P.S.-ს ხელში იშვიათი და სკანდალური დოკუმენტები ჩაუვარდა, რომელიც მტკიცებულებაა იმის, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო მანქანა სასამართლოში ოპონენტის დასამარცხებლად.
საიდუმლო წყარომ P.S.-ს ჟურნალისტს, ლაშა კვესელაძეს მიაწოდა კომპანია "რაკიას" და მისი პარტნიორების საქმიანი მიმოწერა. ამ წერილებიდან ჩანს, რომ მოწინააღმდეგე მხარის დასამარცხებლად "რაკიას" წარმომადგენლები ზეგავლენას ახდენენ სასამართლოზე, პოლიტიკური ინსტრუმენტებით ახდენენ ზეწოლას ოპონენტზე და ასევე ცდილობენ მისი რეპუტაციის განადგურებას ისევ სახელისუფლებო შავი PR-ის დახმარებით.
ყველაფერი 2007 წლიდან დაიწყო. მაშინ, როდესაც შეიხ საუდ ალ ქასიმმა საქართველოში თავისი საემიროს, რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს სამი შვილობილი კომპანია დააფუძნა. სამივე კომპანიის დირექტორად ქართველი გელა მიქაძე დაინიშნა.
მალევე რაკიინის შვილობილი კომპანიების დირექტორი გელა მიქაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალად მას რას ალ ხაიმას შვილობილი კომპანიების წილების შეიხის კიდევ ერთი მინდობილი პირისგან უკანონოდ გადმოფორმება და საკუთარ ოფშორული კომპანიებისთვის მიყიდვა ედებოდა.
მიქაძე ციხიდან მხოლოდ წილების უკან დაბრუნების შემდეგ, დაკავებიდან მეშვიდე თვეს გამოვიდა. რამდნიმე წელიწადში მან შეიხის კომპანიების წინააღმდეგ თავად დაიწყო დავა ქართულ სასამართლოებში სადაც პირველ ინსტანციებში შვიდივე დავა წააგო.
კონფიდენციალურმა წყარომ P.S.-ს ელექტრონული ფოსტით მიმოწერა გადმოსცა. ამ ფაილების მიხედვით, წერილებს ერთმანეთს მიქაძის უკვე მოწინააღმდეგე შეიხის მიერ დაქირავებული უცხოელი და ქართველი იურისტები წერენ და გელა მიქაძის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის აქტივობას გეგმავენ. საუბარი, ძირითადად, სასამართლო დავებს შეეხება.
წერილებში უცხოური კომპანიის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ მათ მიერ დაქირავებულ უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე, ნათია წკეპლაძეზე.
წერილებში სხვა მოსამართლეებზეც არის საუბარი. განსაკუთრებით საყურადღებო თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესიკ სისვაძეა.
კიდევ ერთი პირი, ვინც მიმოწერაში მონაწილეობს, კოკა ყანდიაშვილია, მითითებული ტურისტული კომპანია "ჯორჯია ოქეის" გენერალურ დირექტორად, რომელიც გელა მიქაძის წინააღმდეგ მიმართულ მედია კამპანიას ხელმძღვანელობს.
მასალებში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ყოფილი პრესსპიკერის წარმომადგენლის და შეიხის ქართული კომპანიების ახლანდელი დირექტორის გიორგი გეგეჭკორის წერილიც აღმოჩნდა, რომელიც ეჭვს ამყარებს იმის შესახებ, რომ მოსამართლეებმა გავლენები საქმის მოსაგვარებლად მართლაც გამოიყენება. გეგეჭკორი დამქირავებლებს წარმატებული პოლიტიკური ლობირებისთვის ბონუსს სთხოვს.
დოკუმენტებში რომელიც, რუსთავი 2- ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, შემდეგი ადამიანების მიმოწერები ფიგურირებს:
შეიხ საუდ ბინ ალ ქასიმი, მეთიუ ორესმანი, უილიამ სალივანი, ნილ ჯერარდი, კაროლინ ბლექი, დეივიდ ჰიუზი, ჯეიმს ბიუჩანენი, გიორგი გეგეჭკორი, გურამ ცანავა და ნათია წკეპლაძე.