ოპოზიცია ზუგდიდში, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბთან გამართული აქციის მთავარი ორგანიზატორად გიგა შენგელიასთან ერთად, მხარის გუბერნატორს ასახელებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ალექსანდრე მოწერელიას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. ოპოზიცია კორუფციაზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნახევარი მილიონის ქონება შეიძინა, გარდა ამისა ხელისუფლებასთან გაურკვეველი მიზეზის გამო, ფაქტობრივად საჩუქრად მიიღო ყვარელში მიწის საკმაოდ დიდი ფართობი, რაც კითხვებს აჩენს.
„აქციაზე გამოაგზავნეს ის ხალხი, რომელიც მათთან იყო შეხვედრაზე. ანუ შენგელია და ჯანდაცვის მინისტრი არ მოჰყოლია ამ ადამიანებს თორემ, მოწერელიას დაორგანიზებული ნამდვილად იყო. 300 ათას ლარზე მეტი გადაიხადა მოწერელიამ ბრატისლავაში და იყიდა ბინა, 96 ათასი ლარი გადაიხადა და შეიძინა სახლი ბათუმში, 170 ათასი ლარი გადაიხადა და შეიძინა გრანდჩეროკი. ჩართულია თავიდან ბოლომდე კორუფციაში და შემდეგ 10 ლარად და 20 ლარად აწყობს რიგით პროვოკაციებს,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.