19 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
"საქართველოს გათავისუფლების ოპერაცია ოფიციალურად დაწყებულია"- მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან

ლიეჟისა და რომის შემდეგ მესამე მასშტაბური შეხვედრა საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ქართველ ემიგრანტებს შორის - მიხეილ სააკაშვილი ევროპაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ამჯერად მიუნხენში შეხვდა. დისკუსია 12 სხვადასხვა თემაზე შედგა. მათ შორის განათლებაზე, ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე.

„იმის მაგივრად, რომ სტანდარტები აგვემაღლებინა, ამათ გააუქმეს გამოცდები მე მესმის ,რომ ბევრმა მშობელმა ამოისუნთქა შვებით, იმიტომ, რომ უხდებოდათ რეპეტიტორების აყვანა, სხვანაირად სკოლა ვერ აძლევდა განათლებას გამოცდების ჩასაბარებლად.  მაგრამ უკაცრავად, თუ მკურნალობა ცუდია, ეს არ ნიშნავს,რ ომ მკურნალობაზე უარი თქვა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართა. ბოლოს კი მიხეილ სააკაშვილმა შემაჯამებელი სიტყვით ემიგრანტებს მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლის გაგრძელება აუცილებელია.

მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გაიხსენა. მისი თქმით, ქუჩაში დარჩენილ ემიგრანტებს საფრანგეთში მცხოვრები იურისტი ნუგზარ სულაშვილი და მისი შვილი იურიდიულ დახმარებას უწევდნენ. სააკაშვილის თქმით, ასეთი მოქალაქეები ემიგრაციის ნაცვლად საქართველოში უნდა იმყოფებოდნენ.

„ბოლოს რომ მოვინახულე მომპელიეში კარვებში განლაგებული ჩვენი მოქალაქეები, ბატონ ნუგზართან ერთად, რომელსაც აქვს იურიდიული განათლება და მის ქალიშვილი,რომელიც არის ბრწყინვალე იურისტი, ჩავიდნენ ერთად ეხმარებიან, მაგრამ რეალურად ასეთი მასშტაბის ლიდერი არ უნდა იდგეს ევროპაში, ჩემი აზრით ის უნდა ჩავიდეს საქართველოში და აქტიური როლი უნდა ითამაშოს საქართველოს ტრანსფორმაციასა და ცვლილებაში,“-განაცხადა სააკაშვილმა.

თავად სულაშვილმა კი თქვა, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდა, მაგრამ ახლა სახელმწიფოა გადასარჩენი. მან მიხეილ სააკაშვილს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

საუბარი ასევე შეეხო ბიძინა ივანიშვილის მთავარ გატაცებას - ასწლოვანი ხეების გადარგვას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ბუნებას ევროპელები მეტად უფრთხილდებიან.

მთავარი კითხვები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, თავდაცვის სისტემას და კორუფციას ეხებოდა. ემიგრანტები დაინტერესდნენ დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხით, ასევე ყარსი-ახალქალაქის პროექტში რუსეთის შესაძლო ჩართვის საკითხით.

„დაჩქარებულად ხდება სტრატეგიული პუნქტების წართმევა, გავიგეთ მოეწერა ხელი ყარსის სარკინიგზო გატარების ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს ჩარევის გარეშე. უდიდესი პროექტიც და ეს წერტილიც წაგვერთვა  თქვენის აზრით, რა იქნება შემდეგი დარტყმა?“ -მიმართა ერთ-ერთმა ემიგრანტმა მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილმა კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ამ უბედურების პირველწყარო შუშის სასახლეშია“.

ემიგრანტების განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას ელექტრონული სისტემა, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი შეხედულების დაფიქსირების შესაძლებლობა მათ დისტანციურად ექნებათ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, რომ შემოდგომამდე ასეთი სისტემა ამოქმედდება.

დისკუსია ემიგრანტებთან 5 საათს გაგრძელდა, დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა შეაფასა. მან ისაუბრა, ოლიგარქიულ რეჟიმზე, საქართველოში არსებულ პრობლემებზე, კორუფციაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. გარდა ამისა, მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას საკადრო ბანკი, რადგან ემიგრაციაში იმყოფებიან უნიკალური გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც ქვეყნისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

„ჩვენ უნდა შევქმნათ საკადრო ბანკი, მათ შორის ინტერნეტრესურსებით, საქართველოსთვის საუკეთესო კადრების პოვნისთვის. მათი ოფიციალური იდეოლოგია არის კორუფცია, და არ შეიძლება კორუფცია იყოს იდეოლოგია, ისინი მართავენ მხოლოდ კორუფციით. სიმართლე არის ჩვენს მხარს, ინტელექტი არის ჩვენს მხარეს,ქართველი ხალხი არის ჩვენს მხარეს,  ისტორია არის ჩვენს მხარეს, საქართველოს პოლიცია არის ჩვენს მხარეს, შეირაღებული ძალები არის ჩვენს მხარეს. საქართველოს განთავისუფლების ოპერაცია დღეს არის ოფიციალურად დაწყებული და ამას მივიყვანთ საბოლოო გათავისუფლებამდე,“-განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები