19 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
ფიქტიურად დასაქმებულები სსიპებსა და აიპებში და ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონობით ლარი - ფინანსთა მინისტრი კითხვას გაექცა 

გაურკვეველი დანიშნულებით შექმნილი აიპები და ფიქტიურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხელფასის სახით იღებენ - „შაბათის კურიერის“ ხმაურიანი რეპორტაჟის პასუხად ხელისუფლება ამ დრომდე დუმს და ციფრებს მალავს.

“ქართულ ოცნებაში“ არც ის იციან რა პასუხი გასცენ მთავარ კითხვას - რაში უხდიან მილიონებს ადამიანებს, რომლებიც არათუ არაფერს აკეთებენ, ხშირად საკუთარი სამსახურის მისამართიც კი არ იციან.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უარს ამბობს, უპასუხოს კითხვას, რა თანხას ხარჯავს ხელისუფლება სსიპებსა და აიპებში დასაქმებული პირების ხელფასებზე. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ამ კითხვებს პასუხს მომავალში გასცემს.

„არაფერს ვმალავ, სტუმარს ჩავაცილებ და დაგელაპარაკებით. მივუტანე ყველაფერი დეპუტატებს, კარგად მოიკითხეთ კომიტეტში. არ გავურბივარ არცერთ კომენტარს კარგად იცით,“-განაცხადა მაჭავარიანმა.

თუმცა მან, „რუსთავი2“-ის კითხვას პასუხი არც მოგვიანებით, სტუმრის გაცილების შემდეგ გასცა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა კი ამბობს, რომ თვითმართველობის სსიპებსა და აიპებში შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა  საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის მოხსენების დროს წარმოადგინეს.

„იქ იყო შეკითხვები დეტალურად ყოველი მუნიციპალიტეტის ფარგლებში - ჩვენი პასუხი იყო, რომ აღნიშნული შეკითხვით თითოეულ მუნიციპალიტეტს მიმართონ,“-ამბობს გაგუა.

დღის ამბები