19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ბოდიშს გიხდით, რომ თქვენს PR სტრატეგიაში ვერ აგყევით - კამათი და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა.

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 3 არამოსამართლე წევრის გაწვევას ითხოვს. ფრაქციის წევრებს შესაბამისი დადგენილების დღის წესრიგში ჩასმა იურიდული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სურდათ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

„ევროპულ საქართველოში მიიჩნევენ, საბჭოში პარლამენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრები ჯეროვნად ვერ ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებას და რადგან მათ მხარი დაუჭირეს მოსამართლეთა 10-კაციან სიას, საბჭო უნდა დატოვონ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს გიგა ბოკერიამ უართან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

„ბოდიშს გიხდით, რომ თქვენს პიარ სტრატეგიაში ვერ აგყევით, უკაცრავად ამისთვის, როგორღაც მოგვიტევეთ და გვაპატიეთ ყველას,“ - მიმართა ანრი ოხანაშვილმა გიგა ბოკერიას.

ოხანაშვილმა გიგა ბოკერიას გარდა კრიტიკა დაიმსახურა „ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიასგან. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხოლოდ იმიტომ ამბობს უარს, რომ ისინი კლანს ხელს აფარებენ.

„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენი აზრით? თუ შეგიძლიათ ახლა, რომ მიპასუხოთ, ამ დათმობაზე რომ წახვიდეთ ანუ, ვერც მეუბნებით, რომ მნიშვნელოვანია თუ არა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ორი აზრი არ არსებობს, თქვენ შეიძლება მესამე გქონდეთ, არ ვიცი, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. თუ შეიძლება, კიდევ ვცდი, იქნებ მიპასუხოთ, შეგეძლოთ ჩაგესვათ ეს საკითხი თუ კანონი გიკრძალავდათ დღეს ამ საკითხის ჩასმას. შეგეძლოთ? რა თქმა უნდა, შეგეძლოთ, ამიტომ, დავასრულოთ ეს იმით, რომ აღიარეთ პირდაპირ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თქვენ არ გინდათ, რომ დღეს ჩაისვას იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აფარებთ ხელს ამ კლანს და არაჯეროვნად მოქმედ კონკრეტულ მოსამართლეებს, რომლებზეც არსებობს ყველანაირი არგუმენტი, რომ გამოვიყვანოთ იმ უბედური საბჭოდან,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

დღის ამბები