19 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
მედია თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო - ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე ერთობლივ განცხადებას მიიღებენ

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ სადილს დაესწრება, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უმასპინძლებს. ამ წუთებში კი ბრიუსელში საგარეო უწყების ხელმძღვანელების მინისტერიალი მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ იგეგმება ერთობლივი განცხადების მიღებაც.

კურიერის ინფორმაციით ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მინისტერიალზე მიიღებენ და რომლის დრაფტიც "რუსთავი 2"-მა მოიპოვა, 8 პუნქტია გაწერილი. ერთ-ერთ პუნქტში ვრცლად არის საუბარი იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის წევრი ქვეყნები უნდა იზიარებდნენ და ითვალისწინებდნენ ევროკავშირის ფასეულობებს. მათ შორის არის მედია თავისუფლება, კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო.

„არსებობს საკითხები უკეთ მმართველობაზე. მაგრამ ერთ დღეში მსოფლიო არ შენდება. უცხოელი ინვესტორების მოზიდვა დაკავშირებულია ხალხთან. ხალხი უნდა დაეყრდნოს ფუნქციონირებად, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე სასამართლო სისტემას. რაც უფრო მეტ სტიმულს მივცემთ ეკონომიკურ განვითარებას, უფრო მეტი შედეგი ექნება სასამართლოს ხარისხს და დამოუკიდებლობას. ცვლილება მნიშვნელოვანია ხალხის პირობების გასაუმჯობესებლად. ასევე ეს არის საუკეთესო გზა პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. პლურალიზმი თავისთავად არის ღირებულება და ეს ეხება მედიასაც,“-განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანსმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი სინანული გამოთქვა იმის გამო რომ ზოგიერთი პარტნიორი ქვეყანა განიცდის სამხედრო ზეწოლას თუნდაც საკუთარი არჩევანის გამო. ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს უნდა მიეცეთ უფრო ღრმა თანამშრომლობის შანსი.

„გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება. პროგრამა ეფექტურია და წინ მიდის გამოწვევების მიუხედავად. რაც გვაშფოთებს არის ის, რომ ბევრი პარტნიორი დიდ ზეწოლას განიცდის, მათ შორის სამხედრო სახის ზეწოლასაც საკუთარი არჩევანის გამო. უმნიშვნელოვანესია ღირებულებების და გადაწყვეტილებების დაცვა არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენთვისაც. ყველა საკითხს განიხილავთ . აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ. ზოგი ამბიციურია, ზოგი ნაკლებად. ბევრს უნდა მიეცეს უფრო ღრმა თანამშრომლობის შანსი,“-განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.

დღის ამბები