19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - თბილისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების კონფერენცია იმართება

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და მედიის როლი აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - თბილისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების მასშტაბური კონფერენცია იმართება. 

კონფერენციის მონაწილეები ამბობენ, რომ თემები რომელიც კონფერენციაზე განიხილება, მაღალი მნიშვნელობის მატარებელია. 

ღონისძიების მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, რომ დღევანდელ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი არ ესწრებოდა.

კონფერენციას ესწრება "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით დარჩიაშვილი, რომელიც ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტრო არ მონაწილეობს შავი ზღვის უსაფრთხოების თემის განხილვაში, „სამარცხვინოს“ უწოდებს.

„სამარცხვინოს გარდა ვერაფერს უწოდებ, როდესაც ეს კონფერენცია პირველად არ ტარდება და საკმაოდ წარმომადგენლობითია ხოლმე ყოველთვის მონაწილეობა მასში, საერთაშორისო დონეზე და ამ დროს, ხელისუფლებიდან ამ პანელზე, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხებოდა, არავინ არ ესწრება. საქართველოს მაგივრად უცხოელები ლაპარაკობენ, ჩვენს სათქმელს ისინი ამბობენ, ცდილობენ რაღაცნაირად სახე მოწმინდონ ხელისუფლებას. ამბობენ, რომ იგივე ევროკავშირი მუდმივად აყენებს რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს,“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

„ალექსანდრე რონდელის ფონდის” უფროსი ანალიტიკოსი, შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არა მხოლოდ ეკონომიურად, არამედ სტრატეგიულადაც. უტიაშვილის თქმით, პროექტის მშენებლობაზე უარის თქმა, საქართველოს მხრიდან მძიმე განაცხადი იქნება.  

„ამ წელს მსოფლმხედველობის თემაზე განსაკუთრებით აქტუალური იყო 2 საკითხი, ერთი შავი ზღვა და მეორე ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის ამბავი და რამდენადაც შეუძლია ან შეეძლო, ვნახოთ როგორ იქნება საქმე, ამ პორტის მშენებლობას საქართველოს მნიშვნელობა ერთი ორად გაეზარდა მისი მოკავშირეების თვალში, მით უმეტეს ამ თურქულ-რუსულ დაახლოების ფონზე, და რამხელა სტრატეგიული ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ან შეიძლება ჰქონოდა პორტს, რომელიც იქნებოდა ამ ორ ქვეყანას შორის და მეორეც, იქნებოდა კარიბჭე როგორც კომერციისთვის, ისე სტრატეგიული მიმართულებით დასავლეთისთვის კავკასიასა და შუა აზიაში“ - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

კონფერენციას დაესწრება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზე ისაუბრებს.

„კონფერენციაზე ვისაუბრებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არსებულ მდგომარეობაზე, მთავარ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს მიმდინარე რუსული ოკუპაციის სახით და რაც მთავარია, სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება, ბოლო განვითარებებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ხედვას ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც ერთგვარი საგზაო რუკაა  იმისა, თუ როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები