ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია - შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, მომხდარის თავიდან აცილება დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტებით იყო შესაძლებელი.
როგორც მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს პარლამენტში განაცხადა, ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი ახალი კანონპრექტი იქნება, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში პირველ მოსმენაზე გადის.
„გადავწყვიტეთ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობა გავამკაცრეთ პარლამენტის მხარდაჭერით, ეს ხაზი გაგვეგრძელებინა, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ხაზს ვგულისხმობ და ეს გახლავთ ქუჩური გარჩევების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ამ ხაზის ერთგვარი გაგრძელება, რომელიც არის დამყარებული მათ შორის იმ პრაქტიკაზე, რაზეც წეღან ვისაუბრე. ჩვენ რომ ეს კანონი გვქონოდა, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევებში, 300-მდე ასეთი შემთხვევა გამოვავლინეთ 2018 წელს, როცა გარკვეულ დანაშაულებს, დაჭრებს წინ ქუჩური გარჩევა უძღვოდა, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრეულ ეტაპზე, გვექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ამგვარი შემთხვევები თავიდან აგვერიდებინა. მათ შორის, ხორავას ტრაგედიას, ვიცით, რომ წინ უძღოდა გარკვეული დაპირისპირება,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.