19 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ნურავინ გამოიყენებს ამ მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ შექმნას დაძაბულობის კერა - პრემიერის მრჩეველი ჯიხაშკარში მომხდარ დაპირისპირებაზე

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ჯიხაშკარში - “ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახში მისულ სანდრა რულოვსის შტაბის წევრებს, ზარანდიები დაუპირისპირდნენ.

მხარეები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევს გამო აღძრულია საქმე. დაპირისპირებაში მონაწილეთა ნაწილი უკვე გამოიკითხა. ოპოზიცია პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ  მიზნით რეგიონში არაერთი სამართალდამცველი მიავლინეს.

„ეს არის ორგანიზებული კამპანია, რომელსაც აწარმოებს "ქართული ოცნება" სუს-ი და ყველა ძალოვანი სტრუქტურა ერთად. ამას არ გეგმავენ ის ადამიანები, ვინც პროვოკაციას გეგმავენ. ჩამოსული არიან სხვადასხვა რეგიონებიდან პოლიციის თანამშრომლები, სუსი-ს თანამშრომლები, თბილისიდან, თუ ვინმე არსებობს და ზუგდიდთან შეხება ჰქონია, ყველა ადამიანი ჩართულია ამ პროცესში. ხელისუფლებას 7 წელია არაფერი გაუკეთებია, რა უნდა უპასუხოს ხალხს. სწორედ ამიტომ ცდილობენ დააშინონ ადამიანები, შემდგომ ფიქრობენ რომ რამეში წაადგებათ, მაგრამ ეს უფრო ხელს შეუწყობს მათ დასასრულს,“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია და კონკრეტულ ოჯახს პროტესტი ოპოზიციონერ კანდიდატთან ჰქონდა. ჩიქოვანი ამბობს, რომ სანდრა რულოვსის შტაბის წევრები ზარანდიებს ოჯახში შეუვარდნენ.

„ისინი შეუვარდნენ პრაქტიკულად მათ ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა მიმართა, რომ ისინი არ შემოსულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ინტერესი, რომ ამ სოფელში, მათ ოჯახში შემოსულიყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და სანდრა რულოვსი. ვიცით, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ბევრი ასეთი შემთხვევები იყო საარჩევნო კამპანიის პერიოდში. მივმართავ ყველას, ნურავინ ნუ გამოიყენებს ამ ქალაქს, ამ მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ შექმნას დაძაბულობის კერა“-განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

დღის ამბები