საიდუმლო წერილები, რომელიც „რუსთავი2“-მა მოიპოვა - „კურიერს“ ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომლითაც პირდაპირ დასტურდება, რომ ბიუჯეტიდან მილიონებით ლარს „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან ბრძოლისთვის ხარჯავს.
მმართველი პარტიის და მასთან კავშირში მყოფი ადამიანების საიდუმლო საქმიანობის დამადასტურებელმა წერილებმა გაჟონა. წყარომ „კურიერს“ 600-ზე მეტი წერილი მიაწოდა. ერთ-ერთი გზავნილი, ოპოზიციის ლიდერის, გიგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას ეხება. გზავნილში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ამერიკელი ლობისტებისგან მიიღო, პირდაპირ წერია, როგორ იბრძვის "ოცნება" წერეთლის კანდიდატურის დასაბლოკად.
"ოცნებამ" მაშინ მიზანს მიაღწია, 2016 წლის ივლისში თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გიგი წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტად მართლაც დაბლოკეს, თუმცა 2017 წელს მმართველ „ქართულ ოცნებას“ ვერც ლობისტებმა და ვერც ბიუჯეტიდან დახარჯულმა ფულმა ვერ უშველა და გიგი წერეთელი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში მაღალ თანამდებობაზე აირჩიეს.
უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ოპონენტებს აკრძალული მეთოდებით არ ებრძვიან და ეს დოკუმენტები სხვადასხვა ფაქტების გადაფარვას ემსახურება. პრემიერი და ოცნების სხვა ლიდერები დღეს ამბობდნენ, რომ შეფასებების გაკეთებამდე მიმოწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს.
ლობისტებს „ქართული ოცნება“ ხალხის ფულით ქირაობს, კონტრაქტებში წერს, რომ უცხოელი კონსულტანტები დასავლეთში საქართველოს ეროვნული ინტერესების ლობირებას უნდა ახდენდნენ, თუმცა წერილების გაჟონვის შემდეგ დადგინდა, რომ ფული "ოცნების" პარტიულ ინტერესებს ხმარდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმის ნაცვლად, რომ ლობისტებს საქართველოს დეოკუპაციის გეგმის შემუშავება დაავალონ, მათ პარტია „ქართული ოცნების“ ინტერესების ლობირებას აიძულებენ. ბიუჯეტიდან თანხების სწორად ხარჯვაზე კითხვები აქვს მესამე სექტორს.