საპარლამენტო ოპოზიცია ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შესახვედრად ემზადება. გიორგი ქობულიას პარლამენტში ხვალ ელოდებიან. ის საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატების ინიციატივით მივა. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ქობულიას გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრება. თუმცა „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოსმენა ოპოზიციისთვის საინტერესოა აღმოჩნდა. ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულია არის ერთადერთი ადამიანი ვინც გაბედა და ხელისუფლებაში არსებული სირთულეები და არაფორმალური მმართველობა აღიარა.
„ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანია, რომელმაც აღიარა ხელისუფლებაში არსებული სირთულეები, ის არაფორმალური ურთიერთობები, რომელიც არის ამ ხელისუფლებაში. ეს არის ერადერთი ადამიანი რომელიც არ დაყვა ივანიშვილის დიქტატს და საკუთარი განცხადებით არ წავიდა და ფაქტობრივად მან თავი მოახსნევინა. უხეშად რომ ვთქვათ თავი გააგდებინა და ამით ხაზი გაუსვა არსებულ სირთულეებს და პრობლემებს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
გიორგი ქობულიასთან კითხვები აქვს „ევროპულ საქართველოსაც. ზურაბ ჭიაბერაშვილს მოლოდინი აქვს რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ისაუბრებს იმ გარემოებებზე რომლის გამოც ივანიშვილის ხელისუფლებაში მას საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალა.
„მას აი ამ გაუმართავ, არასწორი პოლიტიკის პირობებშიც კი დამატებით კორუმპირებული ინტერესების გამო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან ხელი ეშლებოდა თავისი ფუნქციების განხორციელებაში და ეს იმ ტიპის განცხადებაა, რომელზედაც მაშინაც კი როდესაც მან თანამდებობა დატოვა აუცილებელია პარლამენტმა მოუსმინოს ქობულიას. იმიტომ, რომ მისი განცხადება დასტურია იმ უმძიმესი ვითარებისა რასაც ჩვენ ვხედავთ როგორც ღრღნის და ხრავს "ქართული ოცნების" კორუმპირებული სისტემა იმ რესურსებს რაც უნდა მოხმარდეს ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.