„მე იმედი მაქვს, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად ჩატარდება ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას,“ - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა.
ზალკალიანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელდარ მამადიაროვმა „კურიერთან“ პირველი ისაუბრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ბაქოში შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა. დავით ზალკალიანის თქმით, ეს შეხვედრა თანათავმჯდომარეებს შორის პირველია და მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულად დასრულდება.
„ეს არ არის კომისიის პირველი შეხვედრა. მე იმედი მაქვს, რომ ის კონსტრუქციულად ჩატარდება ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგისგან მიღებული ინფორმაცია, რომ ისინიც მზად არიან, რომ ძალიან კონსტრუქციულ ჭრილში გადავიყვანოთ ეს პროცესი და არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ აქ არ შეიძლება არავინ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. აქ დამარცხებული იქნება საქართველო, დამარცხებული იქნება აზერბაიჯანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, იხეირებს ის ძალა, რომელსაც ძალიან სურს, რომ გააღვივოს ასეთი მწვავე ურთიერთობები,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები ამ წუთებში ბაქოში, დავით გარეჯის ბედს წყვეტენ. "კურიერთან" ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ გამოსავალი მიღწეული ისე უნდა იყოს, რომლითაც ორივე მხარე, აზერბაიჯანიც და საქართველოც, მოგებული დარჩება.