„ჩვენ ვართ მზად უფრო მეტი ინტეგრაციისთვის,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მამუკა ბახტაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია. მან ასევე ისაუბრა რუსეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის შემდეგი ნაბიჯისთვის - სექტორალური ინტეგრაციისთვის.
„დღეს სწორედ საქართველო ითვლება ყველაზე წარმატებულ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები უკვე, ისეთი, როგორიც არის ასოცირების ხელშეკრულება, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღეს ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ მზად უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების გატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და საქართველო მზად არის მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან,“ - განაცხადა პრემიერმა.