19 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ზუგდიდში ვითარება ისევ დაიძაბა - სამაგიდო სიები და საარჩევნო ბეჭდები უბნებზე არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე დაარიგეს

ცოტა ხნის წინ ზუგდიდში ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციამ დააფიქსირა ფაქტი თუ როგორ გაატანეს უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.

ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და „ქართულ ოცნებას“ ფაქტზე წაასწრო. მას შემდეგ რაც ოპოზიცია ფაქტს შეესწრო, საოლქო კომისიაში პარკებით სხვადასხვა უბნიდან სიები მიიტანეს. სამაგიდო სია და ბეჭდები 107 უბანზე იყო გაცემული, დოკუმენტები 52 უბნის წარმომადგენლებმა უკვე დააბრუნეს.

საოლქო კომისიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ ისაუბრა. მან ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხს მოსთხოვა კითხვებზე პასუხი გაეცა, თუ რატომ დაარღვია კანონი. ბოკუჩავას თქმით, მირანდა მესხი და ცესკო-ს წარმომადგენელი ზედამხედველობდნენ გაყალბების ოპერაციას, თუმცა მათ ამის საშუალება ოპოზიციამ არ მისცათ. 

„პარკებით მიჰქონდათ და მოჰქონდათ ადამიანებს სიები. ამას არჩევნები არ ჰქვია,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

მირანდა მესხის თქმით,  გარკვეული ტიპის დოკუმენტაცია და ინვენტარი ეტაპობრივად გაიცემა. 

„პრაქტიკაში ასეა, ვინაიდან არის 107 უბნიანი ოლქი, ეტაპობრივად, გავცემთ 3-4 დღით ადრე გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას, გარკვეული ტიპის ინვენტარს. შესაბამისად, იყო ეს, რომ სამაგიდო სიებიც გაცემული, ვინაიდან გამოითქვა უსაფრთხოების მიზნით, რომ ყოფილიყო ოლქში და ბიულეტენებთან ერთად გადაგვეცა უბნებისთვის. უბნები გავაფრთხილეთ. დავიბრუნეთ იმ კონკრეტული უბნებიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდო ვერსიები, რომლებზეც იყო გაცემული...

„არანაირი გაყალბება აქ არ ხდება. ოლქი მას დალუქულ მდგომარეობაში გასცემს, ლუქებს, რეგისტრატორის ბეჭდებს, გარკვეული ტიპის დოკუმენტს და ინვენტარს გასცემს ეტაპობრივად, ვინაიდან არაუგვიანეს 12 საათისა, გაიცემა ბიულეტენის ბლოკნოტები, როდესაც გაჩნდა ეჭვი, წარმომადგენლებთან, დამკვირვებლებთან შეთანხმებით მოვაბრუნეთ უკან იმ უბნებიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები, სადაც იყო გაცემული, შესაბამისად, გაიცემა 12 საათით ადრე,“ - აღნიშნა მირანდა მესხმა.

თინათინ ბოკუჩავამ მირანდა მესხის განცხადებებს ზღაპრები უწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები