ზუგდიდში მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალური დახმარება არაერთ ოჯახს მოუხსნეს და მათ წამლების ყიდვაც კი უჭირთ.
„ცნობები მოიტანეთო, რომ შენ ხარ დიაბეტიანი, ფეხმოჭრილი, გადაადგილება რომ არ შეგიძლია, ასთმიანი რომ არის ეს და ყველაფერი მივუტანეთ. მივედით ერთი თვის შემდეგ და გვითხრეს, რომ თქვენ შუქის ფულს იხდით 29 ლარსო და არ გეკუთვნითო,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ზუგდიდელები ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათგან დახმარება არ მიუღიათ.
„ხელით მაჭმევენ. ექიმი არ მაძლევდა „კალიასკას,“ მომვლელი რომ მჭირდებოდა ისეთი საბუთი არ მომხდა, არ შემიძლიაო ამის მოცემა, იმიტომ, რომ მეორე ფეხიც არ უნდა გქონდესო. თავშესაფარს ვთხოულობ დედი, არაფერი არ მინდა. პენსია ხომ მაინც მექნება და თავშესაფარი, გეხვეწებით, გემუდარებით ამათ, თავშესაფარი, ერთი ოთახი მინდა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ზუგდიდში ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ძირითად ნაწილს პენსია წარმოადგენს. მოსახლეობა სამუშაო ადგილების ნაკლებობასაც უჩივის.
„არაფერი პენსიის გარდა ხალხს არ გააჩნია. ის პენსიონერი არჩენს მთელ ოჯახს, სტუდენტებიდან დაწყებული. მეზობელია, ტიროდა დღეს, ერთი პომიდორი მომეციო, მათხოვრად გადაიქცა ქვეყანა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ახალგაზრდები მათთვის საჭირო სივრცეების არარსებობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ არც კინოა ქალაქში და არც კლუბი, სადაც გასვლას შეძლებენ.
მოსახლეობა „ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც აკრიტიკებს და ამბობენ, რომ მათი პრობლემები მოუგვარებელი რჩება.
„ხეები რომ დააქვს იქით, აქეთ, არაფერს შველის, სჯობია, წავიდეს, დატოვოს საქართველო,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
ზუგდიდელები გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, სხვა სახის გამოწვევებზე საუბრობენ, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. მოქალაქეები სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას და ლევან მურუსიძის კლანის ინტერესებზეც საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსამართლეების 10-კაციანი სიის გაყვანას ივანიშვილი ცდილობს.
მათი თქმით, გარევაჭრობის ნება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში დართეს, თუმცა, არჩევნების შემდეგ იციან, რომ მათ სავაჭრო დახლების აღებას მოსთხოვენ.
მოქალაქეები ხელისუფლების ცვლილების საჭიროებაზე საუბრობენ.
„რაც მოვიდა ეს სვავი, დედა უტირა საქართველოს, ეს უნდა თქვათ, რის გეშინიათ, რა არის აქ საშიში,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ზუგდიდელების ნაწილი კი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამოხატვას ერიდებიან. ისინი კამერებთან საუბარსაც ერიდებიან.
„არჩევანის“ გადამღებ ჯგუფს მოსახლეობის მოსაზრებების ჩაწერაში და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღებაში პროვოკატორები ხელს უშლიდნენ.