გაერთიანებული ოპოზიცია და „ევროპული საქართველო“ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დიპლომატებს ხვდებიან. საუბრის მთავარი თემა რეგიონებში და განსაკუთრებით ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შედის და ვითარებაც განსაკუთრებულად იძაბება. მისი თქმით, შეხვედრაზე ელჩებს თხოვნით მიმართეს, რომ მათ რეგიონებში საკუთარი წარმომადგენლები გაუშვან.
„ვინაიდან არ არიან საერთაშორისო დამკვირვებლები სწორედ ეთხოვათ საელჩოებს, რომ გარდა მათი ყურადღებისა, განცხადებების, იყვნენ მათი წარმომადგენლები ადგილზე. ეს იქნება ზუგდიდი, მთაწმინდა, მარნეული, ოზურგეთი თუ სხვა, სადაც არის არჩევნები და სადაც არის საშიშროება, რომ გამწვავდეს ვითარება, რადგან ვხედავთ, რომ ადგილზე ხელისუფლება უკვე ძალიან ცუდი მიმართულებით გააქტიურდა მათი მხარდამჭერებით,“-ამბობს წერეთელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების არცერთი რეკომენდაცია ხელისუფლებას არ შეუსრულებია.
„ჩვენი თხოვნა იქნება ხელისუფლებამ მიიღოს ძალიან მკაცრი გაფრთხილება, როგორც ევროკავშირის ქვეყნებისგან ასევე აშშ-სგან არჩევნების წინ,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.