ხელისუფლება ემზადება არა არჩევნების ჩასატარებლად, არამედ ძალადობრივი სპეცოპერაციისთვის - ამ განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ. ისინი საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს მოუწოდებენ, არ დატოვონ ამომრჩეველი ხელისუფლების ძალადობის პირისპირ.
ხელისუფლების ოპონენტები მათ სთხოვენ, რომ შუალედურ არჩევნებზე საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნონ, რომლებიც საარჩევნო პროცესს მონიტორინგს გაუწევენ.
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, გაერთიანებული ოპოზიციის და
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდეს.
დეტალური ინფორმაციის გარდა, ოპოზიციამ ელჩებს სანდრა რულოვსზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა და ის ფარული ჩანაწერებიც გააცნო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის შანტაჟსა და დაშინებაზე მიუთითებს.
„ეს ე.წ. ხელისუფლება არ აპირებს, ეუთოს და ოდირის არცერთი რეკომენდაციის შესრულებას. საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები აქვს ქვეყანას, სულ უფრო და უფრო ეს ე.წ. ხელისუფლება ლახავს საქართველოს რეპუტაციას. ჩვენ აღარ ვართ არც მოწინავე ქვეყანა დემოკრატიის თვალსაზრისით, იმ რეფორმების თვალსაზრისით, რაც უნდა ხორციელდებოდეს. ძალადობა, დაშინება, გაყალბება, საარჩევნო კომისიები ხელისუფლების განშტოებაა, მხარეს წარმოადგენს არჩევნებში, ეს უნდა მოვრჩეთ, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ქვეყნისთვის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციის თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, საარჩევნო სიები მანიპულაციისთვის გამოიყენონ, რათა არჩევნები გააყალბონ.
„ის, რაც ხდება ზუგდიდში, არაფერი საერთო არ აქვს არც დემოკრატიასთან, არც სამართლიან არჩევნებთან, არც კანონისუზეანესობასთნ, ეს არის თავხედობა, რომელსაც ახდენს „ქართული ოცნება“ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად,“ - განაცხადა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.