„კურიერმა“ იმ პირების ვინაობა დაადგინა, რომლებიც გუშინ სანდრა რულოვსს თავს დაესხნენ. თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, იმის მიუხედავად, რომ მათი იდენტიფიცირება დაპირისპირებისას გადაღებული კადრებით შეიძლება.
“კურიერის“ ინფორმაციით, სანდრა რულოვსის ტელეინტერვიუს ჩასაშლელად აგენტ პროვოკატორები ზუგდიდში სხვადასხვა რაიონებიდან ჩაიყვანეს. ერთ-ერთი წალენჯიხის მკვიდრი ოლეგ ფიფიაა. კიდევ ერთი თავდამსხმელი კი ყოფილი პოლიციელი, ასევე წალენჯიხელი მელორი მიქავაა.
გამოძიებამ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მხოლოდ ერთი პირი გელა კვარაცხელია დააკავა. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე პირებს, არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ნასამართლევია.
წალენჯიხაში ამბობენ, რომ ოლეგ ფიფია და მელორ მიქავა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ადრეც მონაწილეობდნენ.
„არჩევნებში კი მონაწილეობდა, ეხმარებოდა ხალხს. კი დღევანდელ ხელისუფლებას ხმა მისცა მან და კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
წალენჯიხელები ასევე ადასტურებენ, რომ თავდასხმის მონაწილე ერთ-ერთი პირი, მელორ მიქავა, წალენჯიხის პოლიციის თანამშრომელია.