19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას არასამთავრობო სექტორის წევრებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და ადვოკატებს აცნობს. მზია თოდუა ირწმუნება, რომ სასამართლო თავისუფალია და პოლიტიკური დაკვეთების შესრულება არ ხდება.

„რაც ყველაზე საგულისხმო და მნიშვნელოვანია არის ის, რომ მართალია, შეიძლება ვადა ირღვეოდეს ზოგჯერ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი აშკარად არის ამაღლებული,“ - განაცხადა მზია თოდუამ.

შეხვედრას ესწრებიან ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ისინი მესამე სექტორის განცხადებებს კლანურ მმართველობის შესახებ საფუძველსმოკლებულს  და აბსურდულს უწოდებენ.

„რაც შეეხება ამ განცხადების ავტორებს და ამ ბრალდებებს, რასაც მე აბსურდულს ვუწოდებ, ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია. ერთადერთი მიზანია, აშკარაა ეს მიზანი, რომ საბჭოს წევრის, როგორც დამოუკიდებელი ხელისუფლების შტოს წარმომადგენლის საქმიანობაში ჩარევა, მასზე ზეწოლა,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ზაზა ხარებავამ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი 2012 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზეა, თუმცა მედია მხოლოდ სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„სასამართლო სისტემას აქვს ორი პრობლემა. ეს არის საქმეების გადატვირთულობა, ანუ გვაკლია მოსამართლეთა რაოდენობა და მეორე, ძალიან არაჯანსაღი, არაობიექტური შეტევა საზოგადოების გარკვეული წრის მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც არ ეფუძნება არავითარ არგუმენტს და არავითარ ფაქტებს,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები და ადვოკატები კი სასამართლო სისტემის მიკერძოებულობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„არის საქმეები, სიტუაციები, როდესაც აშკარად იგრძნობა, რომ იქ სასმართლო დამოუკიდებელი არ არის, განსაკუთრებით თუ დიდი ინტერესები ეჯახება ერთმaენთს. არ შეიძლება, ვთქვათ, რომ მართლმსაჯულება ნახევრად კარგი გვაქვს, მეოთხედად კარგი გვაქვს, 60% კარგი გვაქვს. მართლმსაჯულება ან არის, ან არ არის. სანამ მე, როგორც მომხმარებელი, არ ვიქნები მართლმსაჯულებით კმაყოფილი, მანამდე შემიძლია, ვთქვა, რომ არ არის,“ - განაცხადა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.

დღის ამბები