„ეს ყველაფერი ტოვებს შეშინებული ხელისუფლების ტაქტიკის შთაბეჭდილებას“-ასეთია პოლიტოლოგების შეფასება ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით ხელისუფლებას ეშინია ზუგდიდში არჩევნების წაგების რადგან თვლის, რომ ამას დომინოს პრინციპი ექნება.
„ისინი ფიქრობენ, რომ რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში, რომლის შანსებიც საკმაოდ მაღალია, გამარჯვების შემთხვევაში ამას ექნება დომინოს პრინციპი და ამიტომაც ყველანაირად ეცდებიან, რომ ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენელმა გაიმარჯვოს მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს თუ არის რეპეტიცია 2020 წლის არჩევნების, 2020 წელს ამ მეთოდებით „ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. თუ „ოცნება“ აპირებს, რომ ეს მეთოდები ხელწერად გაიხადოს 2020 წლისთვის, ეს უკვე ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს,“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
საარჩევნო ოლქიდან ამომრჩეველთა სიების და ბეჭდების გატანის გარდა, სპეცისლისტები სანდრა რულოვსზე განხორციელებულ თავდასხმასაც ეხმაურებიან, რა დროსაც კანდიდატის ფოტოგრაფი დაშავდა. მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ შექმნილია არა ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემო.
„ჩვენ ვიხილეთ ძალადობრივი ქმედებები ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. ასევე ხელშეშლა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, რაც არ მეტყველებს კარგად წინასაარჩევნო გარემოზე. ამავე დროს მმართველი პარტია იყენებს სოციალურ ქსელებს იმისთვის, რომ სხვადასხვა ყალბი პროფილებით მოახდინოს ოპონენტების დემონიზება. არაერთი ჯგუფი არის შექმნილი და მთლიანობაში ეს ქმნის არაჯანსაღ გარემოს. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში რას აკეთებს იგივე უწყებათაშორისი კომისია, რომლებმაც ასეთ ვითარებაში უნდა განმუხტოს სიტუაცია და ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს რეაგირება მომხდარ ინციდენტზე,“-განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.