19 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
„ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში" - გიორგი ქობულია

„ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში“ - ეს განცხადება, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

გიორგი ქობულიას კანონმდებლებმა შეკითხვები ქვეყნის არაფორმალურ მართვასთან დაკავშირებით დაუსვეს. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კი მათ პასუხად განაცხადა, რომ ბევრზე უკეთ ესმის, თუ რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება იყოს ქვეყანაში.

„არაფორმალურ თამაშის წესებზე მქონდა ღია და გახსნილი მოლაპარაკება, სანამ ამ თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა წესით. მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილისგან რეპლიკა მოჰყვა.

„რაც თქვენ ილაპარაკეთ, ამას არაფორმალური მმართველობა კი არა, ამას მმართველობა არ ჰქვია,“ - აღნიშნა ქობულიამ.

დეპუტატებმა ქობულიასგან მოითხოვეს, დაეკონკრეტებინა, ვინ უთხრა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დაზუსტებისგან თავი შეიკავა. გიორგი ქობულიამ საუბრისას ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ეკა ბესელია დაინტერესდა, შეიმჩნეოდა თუ არა გარკვეული კორუფციული ინტერესები.

„ჩემი თვალით არანაირი კორუფციული ინტერესი და კორუფციული გარიგება მე 8 თვის განმავლობაში არ მინახავს. ამ დისკუსიებში რამდენჯერმე მართლა მიწოდეს უცხო სხეული ხარო, შენო,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქუბულია თანამდებობიდან წასვლისა და ხმაურიანი განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს.  ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრება. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებიან მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.

ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც გადადგომის შესახებ ღიად ალაპარაკდა. მან სკანდალური ინტერვიუ "შაბათის კურიერს" მისცა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუში ისაუბრა, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა. 

დღის ამბები