"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრის გია დანელიას პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხიმგებლობის დაყენებას ითხოვს. საუბარია სკანდალურ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც გუშინ გავრცელდა და რომელშიც სწორედ დანელია ფიგურირებს.
ჩანაწერში დანელია ამბობს, რომ არჩევნების მოსაგებად ნებისმიერი მეთოდის გამოყენებაზე თანხმობა არსებობს, იქნება ეს მოსყიდვა, დაშინება თუ ადამიანების გატაცება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. სწორედ ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და მისი მიმდინარეობის დროს გია დანელიას საკრებულოს დეპუტატი მანდატი შეუჩერდეს.
„დღეს შეგვაქვს განცხადება სამხარეო პროკურატურაში და ვითხოვთ გუშინდელ სიუჟეტთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას, ყველას თითქოს მიავიწყდა ამომრჩევლის სიებითა და ბეჭდებით მანიპულირების შემდეგ ეს თემა. ეს თემა არის მნიშვნელოვანი, რადგან არსებობს ღია მტკიცებულებები, სადაც საკრებულოს წევრი პირდაპირ ამბობს, რომ იგეგმება ყველანაირი მეთოდის გამოყენება იმისთვის,რომ ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ სასურველი შედეგი მიიღოს, მათ შორის ჩამოთვლილია ადამიანების გატაცება, მოსყიდვა ამას სჭირდება სათანადო რეაგირება იმთავითვე რათა პრევენცია მოვახდინოთ და არ დავუსვათ კვირას რაიმე სახის ესკალაცია ქალაქ ზუგდიდში.
"პროკურატურა ვალდებულიც იყო თავად გამოეძახებინა დღეს გია დანელია, გამოეკითხა და საგამოძიებო მოქმედებები ეწარმოებინა. პროკურატურამ უნდა შეიტანოს ზუგდიდის საკრებულოში განცხადება და შეუჩეროს საკრებულოს წევრ გია დანელიას უფლებამოსილება, რათა მან ვერ შეძლოს გამოძიებაზე ზემოქმედება და მტკიცებულებების დამალვა,"-განაცხადა ლევან ბეჟაშვილი.